www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2017-08-12 - გულიერობა

 12 აგვისტოს სოფელ კეთილარში, გულეიკარში, პირველად მრავალი ათეული წლის შემდეგ გაიმართა წმინდა გიორგის ტრადიციული დღესასწაული ,,გულიერობა“. როგორც მატიანე გადმოგვცემს, გულეიკარის წმინდა გიორგიმ სძლია მუხანათ მურვან ყრუს, რომელმაც საქართველო კიდით-კიდე მოითარეშა და ამ სოფლის, ისევე როგორც საერთოდ ჩვენი კუთხის მიწასთან გასწორება ეწადა.. 1924 წელს საბჭოთა მთავრობამ დღესასწაულის გამართვა აკრძალა. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დღემდე იყო არაერთგზისი მცდელობა ტრადიციის აღდგენისა, მაგრამ სხვადასხვა გარემოებათა გამო ეს აქამდე ვერ მოხერხდა. დეკანოზი კონსტანტინე (კაჭარავა) და საინიციატივო ჯგუფი გახდნენ თაოსანნი გულიერობის გამართვისა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერამ და სოფლის მცხოვრებთა ერთსულოვნებამ ოცნება სინამდვილედ აქცია. ნაშუადღევს 16:00 საათზე გულეიკარის წმინდა გიორგის ეკლესიაში პარაკლისის შემდეგ შეკრებილებმა მდინარის პირას გადაინაცვლეს. დაიწყო დღესასწაულის საკონცერტო ნაწილი. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ( მეგრული, გურული,აფხაზური, სვანური....) სიმღერები, ცეკვები აბაშის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების მიერ. პატრიოტული ლექსები, მათ შორის - კაჟან ცისკარელის ,,არაბის ხმალი“ , წაიკითხეს ნორჩმა დეკლამატორებმა ნატალია ქვილითაიამ და მარიამ თოფურიამ. შეკრებილთ მიესალმნენ და გულიერობა მიულოცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ქურდოვანიძემ , მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა. სტუმართა მხრიდან ბ-ნმა გურამ გუნავამ, აგრეთვე მაკა ჩაგანავამ. დღესასწაულის მთავარმა მასპინძელმა - დეკანოზმა კონსტანტინემ , რომელმაც შეკრებილთ მოუთხრო სოფლისა და გულიერობის ისტორიის შესახებ, გამოთქვა რწმენა , რომ ამიერიდან ეს დღესასწაული ყოველ წელიწადს გაიმართება და დაიბრუნებს თავის პირვანდელ სახეს. და ბოლოს, ადგილობრივმა მხედრებმა მაყურებელს წარუდგინეს სხვადასხვა საცხენოსნო სპორტული თამაშობები. ტრადიციული იყო დღესასწაულის ბოლოს გამართული პურობაც.